English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვლადიმერ პაპავაავთანდილ სილაგაძე
სიახლე ქართულ ეკონომიკურ ტერმინოლოგიაში

ერთი საკვანძო ეკონომიკური ტერმინის - “Gross Domestic Product”-ის ქართული სახელწოდების შესახებ

ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის სრულყოფის საკითხი ყოველთვის იყო ქართველი ეკონომისტების დიდი ყურადღების ობიექტი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული წვლილი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის ფორმირებასა და განვითარებაში მიუძღვით აკადემიკოსებს პაატა გუგუშვილსა და ვასილ ჩანტლაძეს. მათ მიერ დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ლეო ჩიქავამ. დღეს კი ქართველი ეკონომისტების ერთ-ერთი გამოწვევაა საბაზრო ეკონომიკის შესატყვისი ტერმინების როგორც ქართულ ენაზე ადეკვატურად თარგმნა, ასევე მნიშვნელოვანია (იქნებ - უფრო მნიშვნელოვანიც) ამა თუ იმ ქართული ტერმინის დადგენისას, დავეყრდნოთ ქართული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე სალიტერატურო ენას, რითაც უცხოურიდან ნათარგმნზე უფრო სიღრმისეულად, უშუალოდ და იმავდროულად ადეკვატურად წარმოვაჩენთ ამა თუ იმ მოვლენის ჭეშმარიტ არსს. ამის გათვალისწინებით, ინგლისური  ტერმინის - „Gross Domestic Product”-ის არსებას ზედმიწევნით ასახავს „მთლიანი სამამულო პროდუქტი“.

ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში, ისევე როგორც ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებში, ინგლისური ტერმინის - ”Gross Domestic Product (GDP)” შესატყვის ქართულ თარგმანად დამკვიდრებულია ტერმინი - ”მთლიანი შიდა პროდუქტი” (ასათიანი, 2014, გვ. 249) და/ან - “მთლიანი შიგა პროდუქტი“ (გუგუშვილი, და სხვ., 2001, გვ. 38, 467; სილაგაძე და სხვ., 2005, გვ. 408).

ჯერ კიდევ 1993 წელს,  ინგლისური ტერმინის - ”Gross Domestic Product” ქართულ შესატყვისად ვლადიმერ პაპავამ შემოგვთავაზა ტერმინი - ”ერთობლივი სამამულო პროდუქტი” (პაპავა, და სხვ., 1993, გვ. 244).  ამ თარგმანში გაპარულია უზუსტობა, რადგანაც ინგლისური სიტყვა ”Gross”-ი ქართულად არის ”მთლიანი” და არა ”ერთობლივი”.

ეს უზუსტობა მოგვიანებით გამოასწორა ავთანდილ სილაგაძემ, რომელმაც მსოფლიოში აღიარებული სახელმძღვანელოს -  კრუგმანის, ობსტფელდის და მელიტცის ”საერთაშორისო ეკონომიკის” (Krugman, Obstfeld, Melitz, 2015) ქართული თარგმანის რედაქტირებისას, ტერმინი - ”Gross Domestic Product” თარგმნა, როგორც ”მთლიანი სამამულო პროდუქტი”, რაც მის მიერ ხაზგასმით იქნა აღნიშნული მოცემული წიგნის ქართული გამოცემის შესავალში (კრუგმანი, ობსტფელდი, მელიტცი, 2018, გვ. 1).

XX საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში, როცა ქართული პოლიტიკური ელიტისათვის უმთავრესი უცხო ენა იყო რუსული, ქართულ ენაში ტერმინი - ”მთლიანი შიდა პროდუქტი”, დამკვიდრდა რუსული ენის ზეგავლენით, რადგანაც ”Gross Domestic Product (GDP)” რუსულად თარგმნილია, როგორც «Валовый Внутренний Продукт (ВВП)».

დადგა დრო, როცა ყოველმხრივ გამართლებულია, რომ ქართულ ენაში შესაბამისი ადგილი დაიმკვიდროს ტერმინმა - ”მთლიანი სამამულო პროდუქტი”, რომელიც ინგლისური - ”Gross Domestic Product”-ის არსს ქართულად სიღრმისეულად ასახავს.

ლიტერატურა:

  • ასათიანი რ. 2014. თანამედროვე ეკონომიკის მცირე ენციკლოპედია. თბილისი, „სიახლე“.
  • გუგუშვილი პ., ჩანტლაძე ვ., ჩიქავა ლ., კოშკელაშვილი ა. 2001. ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგია. თბილისი, „სიახლე“.
  • კრუგმანი პ. რ., ობსტფელდი მ., მელიტცი მ. ჯ. 2018. საერთაშორისო ეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა. თბილისი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • პაპავა ვ., ახმეტელი რ., ლეიაშვილი პ., ულუმბერაშვილი ნ. 1993. საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები (თეორიული ეკონომიკა), თბილისი, „მაცნე“.
  • სილაგაძე ა.,  გოშაძე გ., დემეტრაშვილი თ., ზურაბიშვილი ვ., ათანელიშვილი თ. 2005. ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • Krugman P. R., Obstfeld M., Melitz M. J. 2015. International Economics: Theory and Policy. Tenth Edition. Boston, Pearson Education.

.................................

თსუ-ის ჟურნალ  „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია იზიარებს აკადემიკოსების - ვლადიმერ პაპავასა და ავთანდილ სილაგაძის მოსაზრებას - „მთლიანი შიგა პროდუქტის“ ნაცვლად „მთლიანი სამამულო პროდუქტის“ გამოყენების შესახებ და მოუწოდებს ჟურნალის მომავალ ავტორებს გაითვალისწინონ ეს ტერმინოლოგიური სიახლე.